კამპანიის შინაარსი
ჩვენ ვართ სამი მეგობარი, რომელიც ელექტრონული მუსიკისა და წიგნების კითხვის სიყვარულმა გაგვაერთიანა. ჩვენი იდეაა სოფელ მარტყოფში გავაკეთოთ ამიერკავკასიაში პირველი მუსიკალური ხმის ჩამწერი სტუდია, უსინათლო და მცირემხედველი ადამიანებისთვის, სადაც ისინი შეისწავლიან ელექტრონული მუსიკის კეთებას სხვადასხვა პროგრამაში და ხმის ინჟინერიას.
ცნობილია, რომ უსინათლო ადამიანებს განსაკუთრებით უმახვილდებათ სმენა და უსინათლო ხმის ინჟინრები საკმაოდ მოთხოვნადები არიან მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
მე ვარ იო, განათლებით სოციალური ფსიქოლოგი, მაგრამ რაც ყოველთვის ყველაზე მეტად მიზიდავდა, ელექტრონული მუსიკაა. 14 წლის ასაკში გავხდი უსინათლო. საავადმყოფოში წოლისას თავის შესაქცევად ვუსმენდი ხოლმე რადიოს. შემთხვევით წავაწყდი ტალღას, სადაც ელექტრონული მუსიკა გადიოდა, ალბათ ამ დროიდან შევიყვარე მუსიკის ეს ჟანრი. მერე დროთა განმავლობაში გავარკვიე, რომ არსებობს სინთეზატორი, კომპიუტერული პროგრამები, რომლებშიც ისეთივე მუსიკის აწყობაა შესაძლებელი, როგორსაც ბავშვობაში საავადმყოფოში წოლისას ვუსმენდი და მეც დავიწყე პირველი მცდელობები ჩემი საკუთარი მუსიკის კეთების. ნელ-ნელა ვაგროვებდი აპარატურას და ვხვეწდი მუსიკის შექმნის ტექნიკას.
ჩემ მიერ გაკეთებული მუსიკა ადევს ამ ვიდეოსაც, რომელსაც ახლა უყურებთ.
გამიმართლა და რამდენიმე წლის წინ გაცვლითი პროგრამით წავედი სასწავლებლად შვედეთში, “სვეფი აკადემიაში”, სადაც სრულად ინკლუზიური გარემო დამხვდა. იქ ვისწავლე DAISY (Digital Accessible Information System) წიგნების დამზადება, ანუ აუდიო წიგნების გადაფორმატება ისეთ ვერსიად, რომ უსინათლომ შეძლოს წიგნების ისე წაკითხვა, როგორც მხედველმა ადამიანმა, რომ სურვილისამებრ შეძლოს გადაფურცვლა მესამედან მეოცე გვერდზე, გააკეთოს ჩანიშვნები, გამოყოს სქოლიო და ა.შ. აუდიო წიგნს ჰგავს, მაგრამ სპეციალურადაა უსინათლოებისთვის და კითხვის პრობლემის მქონე ადამიანებისთვის შექმნილი. მუსიკალური, ხმის ჩამწერი სტუდიის ჩემს სოფელში გაკეთებით, საქართველოში მცხოვრებთათვისაც გახდება შესაძლებელი მსგავსი წიგნების შექმნა. ახლა დისტანციურად ვმუშაობ უცხოურ პროექტებზე წიგნების გადასაფორმატებლად. სულ მინდოდა ჩემი შვედეთში მიღებული ცოდნის საქართველოში გამოყენება.
საბედნიეროდ არ დავიზარე და მივედი მარტყოფის ახალგაზრდულ ცენტრში, სადაც დაანონსებული იყო ელექტრონული მუსიკის და ხმის ინჟინერიის შემსწავლელი კურსების პრეზენტაცია მარტყოფში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის. კურსს თბილისიდან ჩამოსული მუსიკოსები უძღვებოდნენ. ასე გავიცანი ჩემი ახალი მეგობრები, გავუზიარეთ ერთმანეთს ჩვენი შემოქმედება და მივხვდით, რომ ხედვაში ვემთხვეოდით ერთმანეთს. ბიჭებმა თავიანთი კუთვნილი აპარატურის თბილისიდან ტარება დაიწყეს, მსურველებისთვის მხოლოდ თეორიულად რომ არ ესწავლებინათ მუსიკის კეთება და მათთვის პრაქტიკული მუშაობის შესაძლებლობაც მიეცათ. ეს ბევრ ფინანსურ ხარჯთან და დისკომფორტთან იყო დაკავშირებული.
გარდაბნის მუნიციპალიტეტმა ყოფილი გამგეობის შენობაში გამოგვიყო ფართი, სადაც გვინდა მოვაწყოთ აპარატურით სრულად აღჭურვილი, მუსიკალური ხმის ჩამწერი სტუდია, ინკლუზიური და ყველასთვის ხელმისაწვდომი გარემო, რათა აქ მოხვედრილი ადამიანებიც, ჩვენსავით, მუსიკამ და წიგნების სიყვარულმა გააერთიანოს. ეს იქნება სოციალურადაც ძალიან აქტიური სივრცე, შეხვედრების, ერთმანეთის გაცნობის, იდეების გაზიარების და თანამშრომლობის ადგილი.
დაგვიჭირეთ მხარი!
და გახსოვდეთ, თქვენგან გადმორიცხული თუნდაც მცირედით, საშუალებას აძლევთ უსინათლო ამომავალ ვარსკვლავებს ელექტრონულ ცაზე გაიბრწყინონ!