კამპანიის შინაარსი
კუბის პროექტი ზუსტად ჩემი შვილის ხელაა, თერთმეტი წლის წინ, მარტში დაიბადა ორივე...
გემახსოვრებათ როგორი ინტენსიურობით ანაცვლებდნენ მაშინ ძველ შენობებს მაღალსართულიანი, უსახო ბეტონის კედლებით... განსაკუთრებით იქ, სადაც ოდნავ მაინც იყო სიმწვანე და ამოსუნთქვის შესაძლებლობა... მზიურის პარკში, მიტოვებული საბჭოთა არქიტექტურის უფუნქციო საბაგიროს გადარჩენა და შენობის ხელოვნებისთვის შეფარება თანამედროვე მხატვრების, ვასილ მაჭარაძის და კოკა ვაშაკიძის იდეაა, რომლის განვითარებაზეც ამდენი წლის განმავლობაში, თავდაუზოგავად ზუსტად ისეთი უანგარო შრომით, სიყვარულით ვზრუნავდით, როგორც ბავშვის გაზრდაზე ზრუნავენ ხოლმე.
ყველაფერს თავისი დრო აქვს ამ სამყაროში... უბრალოდ გვჯეროდა რომ შეგვეძლო თითოეული ადამიანისთვის მნიშვნელოვანი კულტურული წერტილის შექმნა ზუსტად იმ პარკში, რომელიც თავის დროზე, სიკეთის სივრცედ იყო ჩაფიქრებული და ვმოქმედებდით ისე, როგორც შეგვეძლო... სულ გაჩერებას და უარის თქმას ხშირად, ერთ ადგილას ანთებულად მოძრაობა სჯობს, აუცილებლად დგება ხოლმე დრო წინ წაწევის... გზაზე მუდმივად გვხვდებოდნენ აღფრთოვანებული ადამიანები ვისაც თავისი გამოცდილების, ცოდნის თუ უნარების კუბის სასარგებლოდ გაზიარება ჩვენსავით სიამოვნებას გვრიდა და ახარებდა.
ოთხი წლის წინ, ღია წერილით და ვიზუალური მასალით გავაცანით ქალაქს ჩანაფიქრი, რომელიც სოც ქსელებში იმდენად აიტაცეს რომ თბილისის მერიაც დაინტერესდა პროექტის განხორციელებით და ნაგებობის ფუნქციურად გარდაქმნისთვის აუცილებელი ყველა სარემონტო სამუშაო შეასრულა.
ასე გაჩნდა ქალაქის შუაგულში, სიმწვანეში ჩაფლული კულტურული წერტილი, რომელიც თავისი განსაკუთრებული გარეგნობით და ღიაობით გულგრილს ალბათ, არავის ტოვებს მნიშვნელოვანი რგოლების ერთმანეთთან დაკავშირებით დაუჯერებელი სასიკეთო საქმეების კეთება ჩვენს გუნდს, მეგობრებთან ერთად, ყოველთვის წარმატებით გამოსდის.
კუბში „ცოდნის კლუბის“ შექმნის იდეა ჩემი, როგორც თვითდასაქმებული მშობლის,
ახალგაზრდებთან მუდმივ კავშირში მყოფი ლექტორის და ამასთან, მოზარდის დედის
რეალობიდან გამომდინარე გაჩნდა: ფაქტია, რომ თანამედროვე ბავშვების უმრავლესობა განათლების სტანდარტულ ფორმებს არ იღებს და არაფორმალურ გარემოში, თამაშით, ექსპერიმენტებითა თუ უბრალოდ, სხვების მოსმენით, ცოდნის მიღების ბევრად დიდ მოტივაციას იძენს ვიდრე მარტო, სამუშაო მაგიდასთან მჯდომი მიიღებდა. არსებობენ ბავშვები, ვინც ჯანმრთელობის ბარიერების გამო ვერ კითხულობს და იკლებს თანატოლებთან კავშირს და ისეთი მოზარდებიც გვყავს ირგვლივ, ვინსთვისაც
განათლების მიღების ფუნდამენტური უფლება შეზღუდულია (!), მაგალითად იმიტომ, რომ მათ არ აქვთ დაბადების მოწმობა და პირადი ნომრის გარეშე სკოლაში ვერ ირიცხებიან… გვყავს უამრავი თვითდასაქმებული მშობელი, რომლისთვისაც შვილებთან ყოფნა და თან მუშაობა უდიდესი გამოწვევაა, რომელიც საკუთარი სამუშაო პროცესის და პატარასთვის კომფორტული, ეკოლოგიურად სუფთა, შემეცნებითი გარემოს შეთავსებაზე ოცნებობს და ვერსად ნახულობს ადგილს სადაც თვითონ ლეპტოპით მივა, შვილს კი მშვიდად გაუშვებს მდელოზე, წიგნის თანატოლებთან ერთად წასაკითხად ან პატარათათებით ჩრდილების თეატრში, კუთვნილი როლის შესასრულებლად... თითოეულ თემაზე უამრავია სასაუბრო და არსებული გამოწვევების გადაჭრის გზებსაც სიამოვნებით გაგიზიარებთ, თუმცა ეს მერე, კუბში... როდესაც მეგობრებთან, შვილებთან, მშობლებთან, საქმიან პარტნიორებთან, ბებია-ბაბუებთან... უფროსი თუ უმცროსი თაობის სხვა ადამიანებთან ერთად გვეწვევით და ალბათ, სიამოვნებით გაუმხელთ ამბავს იმის შესახებ, რომ თითოეულ ინიციატივაში, რომელსაც ამ პატარა კედლებში შეხვდებით თქვენი დიდი და დაუფასებელი წვლილი დევს - ერთი ლარის, ერთი სიტყვის, ერთი იდეის ან რეკომენდაციის სახით, რომელიც ყოველთვის სწორ დროს, სწორ ადგილას მიიტანს სათქმელს.
დიახ, ყველას ერთად შეგვიძლია შევქმნათ ცოდნის კლუბი კუბში სადაც არაფორმალურ გარემოში, თამაშით, წიგნების გახმოვანებით, სპექტაკლების დადმით, სადისკუსიო კინოჩვენებებით, ილუსტრაციების შექმნით თუ შემოქმედებითი ტექსტების წერითგანსხვავებული ასაკის, ინტერესებისა და შესაძლებლობების ბავშვები ერთად, თანაბარ გარემოში იმეგობრებენ, ერთმანეთზე ზრუნვით გაიზრდებიან.
ჩვენ ვიცით, სამყარო კანონზომიერია... სულ ათასმაგად დაგიბრუნდეთ ყოველი თეთრი, მხარდაჭერა და სურვილები რასაც „ცოდნის კლუბს“ სიხარულით გამოუგზავნით.
კუბში შევხვდებით!