კამპანიის შინაარსი
სპორტული ცოცვა არის თანამედროვე დისციპლინა, რომელიც წარმოიშვა ტრადიციული კლდეზე ცოცვისგან. ცოცვა ძალიან პოპულარული გახდა ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში. კედლების განვითარებამ ხელი შეუწყო სპორტის პოპულარობას, რაც მას ყველასთვის ხელმისაწვდომს ხდის. აღსანიშნავია, რომ ამ სპორტმა პირველი ნაბიჯები გადადგა ოლიმპიურ სცენაზე, ოფიციალური დებიუტი შედგა ტოკიო 2020-ზე და 2024 წელს პარიზის ოლიმპიადაზეც ვიხილავთ.
სპორტული ცოცვა საოცრად დადებით გავლენას ახდენს მოზარდების და ბავშვების ფიზიკურ და გონებრივ განვითარებაზე, ავითარებს სხეულის მოტორულ უნარებს და დადებითად მოქმედებს სისწრაფის ძალისა და გამძლეობის განვითარებაზე. თანდათან ბავშვებს უვითარდებათ თავდაჯერებულობის გრძნობა.უმჯობესდება თვითშეფასება. ექიმები ხშირად უწევენ რეკომენდაციას სპორტულ ცოცვას, რადგან ის ხელს უწყობს ზრდას, ხერხემლის პრობლემების თავიდან აცილებას, სახსრების მოქნილობასა და სტაბილურობას. ცოცვა გამოსავალია არამხოლოდ ფიზიკური პრობლემების დასაძლევად, არამედ ფსიქოლოგიური და ფსიქიკური დაბრკოლებების გადასალახადაც.
დღეისათვის ჩვენი გუნდი (NINJA CLIMBING TEAM) შედგება 12 ბავშვისგან, მათ ვარჯიშები უტარდებათ ვაკის საცოც დარბაზში, სადაც სამწუხაროდ პირობები არ შეესაბამება თანამედროვე სტანდარტებს, ამასთანავე დარბაზი იღებს ძალიან ბევრ ვიზიტორს, როგორც მოყვარულებს, ისე პროფესიონალებს, შესაბამისად, იქ არსებული აღჭურვილობა რაოდენობრივად ვერ აკმაყოფილებს მსურველებს, ბავშვებს უწევთ ლოდინი და იკარგება მათი განვითარების ოქროს წუთები. აღნიშნულიდან გამომდინარე, ჩვენი სურვილია, გუნდს ჰქონდეს საკუთარი სამთო-საცოცი აღჭურვილობა, მითუმეტეს რომ სპორტის ამ სახეობისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია თანამედროვე აღჭურვილობა, რაც დიდ თანხებთან არის დაკავშირებული, ამავდროულად მუდმივად საჭიროებს განახლებას, ვინაიდან სპეციფიკიდან გამომდინარე, უსაფრთხოების რისკებთნ არის დაკავშირებული, განიცდის ცვეთას და კატეგორიულად დაუშვებელია მოძველებული აღჭურვილობით ვარჯიში, საცოც ფეხსაცმელს ხშირად სჭირდება შეცვლა ცვეთიდან გამომდინარე, მოგეხსენებათ მოზარდები არიან და საცოცი ფეხსაცმელიც ძალიან მალე უპატარავდებათ.
აღსანიშნავია ისიც, რომ სხვადასხვა სირთულის მარშრუტებზე პრაქტიკისთვის ,ბავშვები გაგვყავს ბუნებრივ კლდეებზე საცოცად ქალაქგარეთ, აქაც პრობლემას ქმნის პირადი აღჭურვილობის არქონა. გვიწევს თხოვება ან ქირაობა , რაც დამატებით ხარჯებთან არის დაკავშირებული. გუნდი არის ძალიან წარმატებული, ყველა შეჯიბრში და ღონისძიებაში, რაც ტარდება საქართველოში, გვყავს მრავალგზის ჩემპიონები და პრიზიორები. მაგალითად, უახლოეს ფესტივალზე გუნდი სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში წარმოდგენილი იყო 9 ბავშვით და მოვიპოვეთ 3 ოქროს 3 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი.სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დაფინანსების არანაირი წყარო, მათ შორის არც ფედერაციისგან, გარდა მშობლების და პირადი ხარჯებისა. ფაქტობრივად ენთუზიაზმზე გვიწევს შრომა.
ბავშვებს აქვთ პოტენციალი, ასახელონ ქვეყანა საერთაშორისო ასპარეზზე და ხერგიანის სამშობლო ისევ შეახსენონ მსოფლიოს. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი მხარდაჭერა, რათა შევიძინოთ თანამედროვე აღჭურვილობა, რაც მოგვცემს შესაძლებლობას ვივარჯიშოთ სრული დატვირთვით, გავძლიერდეთ და მეტ წარმატებას მივაღწიოთ, ასევე მოვიზიდოთ სხვა მსურველებიც, რაც ავტომატურად ნიშნავს მეტ ფიზიკურად და სულიერად ძლიერ, მდგრად ახალგაზრდას.
ერთად ვიზრუნოთ მომავალი თაობის განვითარებაზე.