კამპანიის შინაარსი
ყველაფერი დაიწყო ბებიაჩემის უწყინარი გატაცებით, ნაძვისხის სათამაშოების კეთებით. დარწმუნებული ვარ საახალწლო მარკეტებზე უმრავლესობას შემჩნეული გეყოლებოდათ ჩაფუთნული ხანდაზმული ქალი, სტენდზე გაშლილი ბრჭყვიალა ანგელოზებით, ირმებით, თოვლისკაცებით, ბალერინებით… გეცნოთ? დიახ, სწორედ ეგ, ბებიაჩემია. წლების წინ მისთვის პატარა სტარტაპი გავაკეთე “ბებოსია”. მაშინ ვფიქრობდი სათამაშო ვაჩუქე, მაგრამ აღმოჩნდა, გამანადგურებელი იარაღი ჩავუგდე ხელში - მას მერე არ გაჩერებულა, ნაძვის ხის სათამაშოებს ხატავდა მარტში, ივნისში, აგვისტოში, იანვარში, სულ, სულ… და ჩვენი სახლიც მთელი წელი ბრჭყვიალებდა, ვგულისხმობ ბრჭყვიალა მტვრით იყო მოფენილი. და როცა ახალ წელს ამ თავის ნახელავს ყიდდა და მერე თავისი ფულით შვილიშვილებს საჩუქრებს გვიკეთებდა, იყო ამაყი და უბედნიერესი.
ერთ დღესაც გავიგე, რომ ხანდაზმულებისთვის სოციალური პროექტი გამოცხადდა, 6 კვირიანი კურსები. კერამიკის აპლიკაცია შევავსე და მალე დადებითი პასუხიც მივიღე. გაკვეთილებზე მე დამყავდა. მაშინ ჩემთვის ამ ასაკობტივ ჯგუფთან ასეთი ინტენსიური კონტაქტი ახალი და უცხო იყო და დიდი ინტერესით ვადევნებდი თვალყურს მათ ჯადოსნურ ტრანსფორმაციას. ვუყურებდი ჭაღარა გოგო-ბიჭები როგორი მონდომებით მუშაობდნენ, როგორ ბეჯითად ასრულებდნენ დავალებებს, გაკვეთილი რომ უმთავრდებოდათ, არ იშლებოდნენ და გვერდით კაფეში სხდებოდნენ ყავის დასალევად. სახლში ურეკავდნენ ერთმანეთს, დამეგობრდნენ, ბებიაჩემი რაც შეეძლო იპრანჭებოდა, თავისთვის ახალი ტანსაცმელიც კი იყიდა. ეს პირველი შემთხვევა იყო ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში. თითქოს ამ ჭაღარა გოგო-ბიჭებს ახალი სუნთქვა გაეხსნათ… მაგრამ კურსებისთვის განკუთვნილი დრო ამოიწურა და ისევ სახლებში ჩასხდნენ, ძველ ყოფას დაუბრუნდნენ. ბებიაჩემს ისევ გაუქრა ხალისი თვალებიდან.
მაშინ პირველად დავფიქრდი, თუ როგორი გაახალგაზრდავებულია სიბერის ასაკი ჩვენს ქვეყანაში და ხანდაზმული ადამიანები როგორ უსამართლოდ აკლდებიან ცხოვრებას, როგორ განიცდიან, რომ ფინანსურ დამოუკიდებლობას კარგავენ და ოჯახის სხვა წევრებზე ხდებიან დამოკიდებული.
რადგან ხანდაზმულთათვის სერვისები სუსტად არის წარმოდგენილი, სურვილი გამიჩნდა შემექმნა სოციალიზაციის მდგრადი სივრცე, სადაც 60 წელს გადაცილებული ადამიანები შეიძენენ ახალ ჰობის, პროფესიას, დაუმეგობრდებიან ერთმანეთს, დასაქმდებიან და შეძლებენ ფინანსურ დამოუკიდებლობას.
მე პროფესიით მხატვარი ვარ, უკვე 12 წელია ხელოვნებას ვასწავლი, ჩემი მეუღლე კერამიკაზე მუშაობს. როცა მას ჩემი იდეა გავუზიარე, აღმოჩნდა, რომ ხედვა საერთო გვქონდა. გადავწყვიტეთ ჩვენი ცოდნა და გამოცდილება ამ იდეის განხორციელებისთვის გაგვეერთიანებინა. საცხოვრებლად მარტყოფში გადმოვედით, სტუდია საკუთარი ხელით გავარემონტეთ და შევქმენით “ულევი კერამიკა”.
ბევრი ვიფიქრეთ, რა სახელწოდება მოგვეფიქრებინა ჩვენი იდეის საუკეთესოდ გამოსახატავად. ულევი არის ის, რაც არ ილევა ასაკის მატებასთან ერთად, ცხოვრების ჟინი და სიცოცხლის წყურვილი, ასაკზე, ციფრებზე არ არის დამოკიდებული. “გული არ ბერდება”. ასაკი უპირატესობაა და არა ნაკლი, რადგან მის უკან დიდი ცხოვრებისეული გამოცდილება და ცოდნა დგას.
იმედი გვაქვს, რომ საზოგადოებაში სტერეოტიპულად დამკვიდრებულ ხანდაზმულთა მიმართ არაჯანსაღ ემპათიას, მათ მიმართ დამსახურებული პატივისცემა ჩაანაცვლებს და ულევი კერამიკის ხანდაზმულთა მიერ დამზადებული პროდუქციის ხარისხი ბევრს დაარწმუნებს, რომ 60 წელს გადაცილებულები, კონკურენტუნატიანი შრომითი ძალაა და მათში ჯერ კიდევ ბევრია ენერგია და ხალისი.
იმისთვის რომ ჩვენმა საწარმომ სტარტი აიღოს, შენი დახმარება გვჭირდება კერამიკის გამოსაწვავი ღუმელის შესაძენად.
მხარი დაგვიჭირე ამ იდეის განხორციელებაში, აჩუქე მარტყოფის ხანდაზმულებს ულევი კერამიკის გაკვეთილი!