კამპანიის შინაარსი
2020 წლიდან მოყოლებული მსოფლიო ცდილობს მოერგოს პანდემიის შედეგად დამდგარ ახალ რეალობას. უამრავ ადამიანს და აბსოლუტურად ყველა კომპანიას მოუწია გადართვა ონლაინ მუშაობაზე.
უდიდესი ცვლილებები მოხდა განათლების სფეროშიც. ვირუსის გავრცელებამ საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებების კარები დახურა და ქვეყნის 600,000-ზე მეტი მოსწავლე და 150 000-ზე მეტი სტუდენტი ონლაინ სწავლებაზე გადაიყვანა. თუ აქამდე "კომპიუტერის გაკვეთილი" მხოლოდ კვირაში ერთხელ ტარდებოდა, 2020 წლიდან სკოლის ყველა გაკვეთილი და უნივერსიტეტის თითოეული ლექცია "კომპიუტერის გაკვეთილად" იქცა.
განათლების სისტემამ პანდემიის შედეგად დამდგარ გამოწვევას სწავლების დისტანციური ფორმა დაუპირისპირა, რასაც, დღევანდელი მოცემულობიდან გამომდინარე, ალტერნატივა არ გააჩნია. ყველამ გააცნობიერა ონლაინ სწავლების მნიშვნელობა და, ამასთან ერთად, ქართულენოვანი რესურსების სიმწირე, როგორც ფორმალური, ასევე არაფორმალური განათლების კუთხით. აღმოჩნდა, რომ ქართულენოვანი საგანმანათლებლო პლატფორმები თითზე ჩამოსათვლელიც არ არის, სწავლას მოწყურებული თაობა კი მხოლოდ უცხო ენაზე თუ ახერხებს მისთვის საინტერესო ინფორმაციის მოძიებას. უცხო ენა კი პრივილეგია უფროა, ვიდრე ყველასთვის თანაბრად ხელმისაწვდომი ცოდნა.
დისტანციური სწავლება დღეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გახდა. სწორედ ამიტომ
განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის (CDD) ინიციატივით, შეიქმნა ელექტრონული სწავლების ქართულენოვანი პლატფორმა
Kentsero.ge, სადაც სწავლა ძირიდანვე ტკბილი და რაც მთავარია, სრულიად უფასოა.
კენწეროს შექმნის იდეა გამომდინარეობის ცნობილი გამონათქვამიდან:
"სწავლის ძირი მწარე არის, კენწეროში გატკბილდების". პლატფორმა სწავლის მაძიებლებს სთავაზობს მაღალი ხარისხის კონტენტს საინტერესო და გასაგები ფორმატებით. კენწერო ქმნის შესაძლებლობას ისწავლო საუკეთესოებისგან, შეიძინო უნარები, რომლებიც თანამედროვე მოთხოვნებსა და გამოწვევებს პასუხობს და ამის გაკეთება შეძლო სახლიდან გაუსვლელად.
კენწერო სულ რაღაც ერთი წლისაა. ინტერნეტ სივრცეში გაშვების დღიდან დღემდე შეიქმნა სამი ონლაინ სკოლა, 16 სასწავლო კურსი და 172 ვიდეო ლექცია, რომელსაც სფეროს წამყვანი 78 სპიკერი უძღვება. გარდა სასწავლო კურსებისა კენწეროს გააჩნია ბლოგების, სახალისო ქვიზებისა და ვიდეო კონფერენციების შესაძლებლობა. კენწეროს აუდიტორია დღითიდღე იზრდება და აერთიანებს ვიზიტორებს, როგორც საქართველოდან, ასევე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან (აშშ, კანადა, გაერთიანებული სამეფო, გერმანია, იტალია, ჩინეთი და სხვა).
კენწერო და მასზე არსებული კონტენტი მისი პარტნიორების მიერ გამოცხადებული ნდობის და კენწეროს გუნდის ძალისხმევის შედეგია.
თუმცა, უამრავი საინტერესო თემის დასაფარად, ესაჭიროება მუდმივი მხარდაჭერა. კენწეროს გეგმებში პლატფორმაზე ახალი სასწავლო კურსების დამატება, სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფებისთვის (შშმპ პირები, ეთნიკური უმცირესობები და სხვა) ვებ-გვერდის ადაპტირება, ტექნიკური გაუმჯობესება და კიდევ მრავალი საინტერესო იდეა აქვს.
შეიტანე წვლილი ქართული, უფასო საგანმანათლებლო რესურსის შექმნაში!
რაც დაეხმარება ახალგაზრდებს, მასწავლებლებს და სხვადასხვა დაინტერესებულ პირებს შეიძინონ ისეთ ცოდნა და უნარები, რომლებიც საჭიროა სწრაფად ცვალებად, გლობალიზებულ და ტექნოლოგიურად განვითარებულ სამყაროში თვითრეალიზაციისთვის.
შექმენი განათლების შესაძლებლობა მათთვის ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება!
P.S. საჩუქრის არჩევის შემთხვევაში მიწოდება განხორციელდება კამპანიის დასრულების შემდგომ ან სურვილის შემთხვევაში შესაძლებელია ნივთის ოფისიდან გატანა. შემომწირველთან კომუნიკაცია განხორციელდება მის მიერ მითითებულ საკონტაქტო ტელეფონზე ან ელ-ფოსტაზე.
[video width="1280" height="720" mp4="https://orbelianimeti.ge/wp-content/uploads/2022/02/კენწერო-_-პრომო2.mp4"][/video]