რამდენჯერ შეგხვედრიათ სოციალურ ქსელში სტატუსი „გთხოვთ, თუ გაქვთ ამა და ამ სისხლის ჯგუფი დამეხმარეთ, დედაჩემს სჭირდება“? ჩვენ - “სისხლის უანგარო დონორების” გუნდი, ვეხმარებით ადამიანებს, გადაარჩინონ მათთვის საყვარელი ოჯახის წევრის, ნათესავის, თუნდაც მეგობრის სიცოცხლე, რომლებსაც სხვადასხვა დაავადებასთან ბრძოლისას, სისხლის გადაუდებელი საჭიროება აქვთ.გვჯერა, ერთი ადამიანის გადარჩენა, ერთი სამყაროს გადარჩენაა. ყველა, კი, ვინც სისხლს უანგაროდ გასცემს სუპერგმირია!2020 წლის დეკემბერში, სისხლის უანგარო დონორების ბაზის შექმნისთანავე, დავიწყეთ კოორდინირებული საქმიანობა, კერძოდ შევითავსეთ მედიატორის როლი პაციენტებსა და დონორებს შორის.ჩვენ ვართ სრულიად პაციენტებზე ორიენტირებული გუნდი, ყოველგვარი პარტნიორი კლინიკისა და დამხმარე სისხლის ბანკის გარეშე. სწორედ ამიტომ, საქართველოს მასშტაბით, სწორედ იმ ქალაქებში ვეძებთ და ვგზავნით დონორებს, სადაც პაციენტებს საჭიროება აქვთ.2021 წლის იანვრიდან დღემდე (რიცხვები ყოველდღიურად მზარდია):
გადავარჩინეთ 1500-ზე მეტი სიცოცხლე;
არმიაში 2500-ზე მეტი სისხლის უანგარო დონორი ანუ სუპერგმირი გვყავს;
ბაზაში რეგისტრირებულია 4000-მდე ადამიანი მთელი საქართველოს მასშტაბით;
ჩვენს განვითარებასთან, ცნობადობის გაზრდასთან და მზარდ სუპერგმირების გუნდთან ერთად, დადგა საჭიროება შეგვექმნა ვებ-გვერდი - რადგან ჩვენს საქმიანობაში კრიტიკული მნიშვნელობა აქვს დროს და ორგანიზებულობას, ხანდახან შეიძლება წამები იყოს გადამწყვეტი, რომ ადამიანის სიცოცხლე გადავარჩინოთ და სისხლის გარეშე არ დარჩეს პაციენტი. სწორედ ამიტომ, აუცილებელია შევქმნათ სისხლის უანგარო დონორების ვებ-გვერდი, რაც ჩვენს საქმიანობას ოპერატიულს გახდის, შესაბამისად დაიზოგება დონორების მოძებნის დრო, როგორც ზემოთ ვთქვით, თითოეული დამატებითი წამი, ახალი სიცოცხლის გადარჩენის კიდევ ერთი საშუალებაა!ხშირად გვეკითხებიან, სად გაქვთ ოფისი? ოფისი არ გვაქვს, არც ვებგვერდი გვაქვს ამ ეტაპზე, სოციალურ ქსელში სქროლვისას კი მნიშვნელოვანი ინფორმაცია ხშირად იკარგება.ვებგვერდი იქნება პლატფორმა:
საგანმანათლებლო ბლოგ-პოსტების გაზიარებისთვის, რაც ხელს შეუწყობს პოტენციურ დონორებში მითების დამსხვრევას, სოციუმში სისხლის დონაციის საჭიროებაზე ცნობიერების ამაღლებას და მათ ბაზაში ჩართვას;
თავს მოუყრის დონორების გამოცდილებებს, რაც იქნება სხვებისთვის მოტივაციისა და შთაგონების წყარო;
გაზიარდება პაციენტების ისტორიები, თავისი სირთულეებითა და აღტაცებით, თუ როგორ ეხმარებოდნენ უცნობი ადამიანები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საქმეში;
ასევე, ექნება ე.წ. „log in“ ფუნქცია, სადაც დონორები დარეგისტრირდებიან, თავად გააკონტროლებენ როდის ჩააბარეს სისხლი, როდის გადის შუალედური პერიოდი და რაც მთავარია, მიიღებენ რეკომენდაციებს საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის მიხედვით.
საიტი იქნება ორენოვანი და დაგვეხმარება საქართველოში მცხოვრები უცხოელებიც შემოგვიერთდნენ ბაზაში;
ჩვენ შევქმნით საქართველოში პირველ პლატფორმას, სისხლის უანგარო დონაციის მიმართულებით, რომელიც იქნება აქტიური და უკუკავშირის მიღებაზე დაფუძნებული! რაც მთავარია, ეს იქნება ერთი მცირე თუმცა მნიშვნელოვანი აგური ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულების შესრულების, რომელიც მიზნად ისახავს ქვეყნის სრულად სისხლის უანგარო დონაციაზე გადასვლას.
თითოეულის ჩართულობა, თუნდაც 1 ლარით, არაპირდაპირ სისხლის მომლოდინე პაციენტს ეხმარება.
ჩვენ ერთად ვქმნით პლატფორმას, სადაც ვისაუბრებთ სისხლის დონაციის სიხარულზე, შიშებზე და მათ გადალახვაზე, საუკეთესო გამოცდილებებზე, ჩვენს გადარჩენილ პაციენტებზე, დავამსხვრევთ სტერეოტიპებს და ერთად ვიდგებით სიცოცხლის სადარაჯოზე.
შემოგვიერთდი სუპერგმირების არმიაში, 1 ლარად სიცოცხლის სადარაჯოზე!
მადლობა სიცოცხლის სიყვარულისთვის და მხარდაჭერისთვის, სიყვარულით,
“სისხლის უანგარო დონორები”-ს გუნდი