გაეცანი იდეებს მეტი ჩვენზე გამჭვირვალობა
ENG | ARM | GEO | AZ

არემარე – ეკომეგობრული სივრცე

Matchfunded by USAID 10,000 GEL

1/6

კამპანიის შინაარსი

“რომ დავბერდები, აუცილებლად სოფელში ვიცხოვრებ, სიმშვიდეში” ბავშვობის ზაფხულების, სოფელში გატარებული ბედნიერი წუთების გამოძახილი იყო ეს ფიქრი, ჩემი და ჩემს ირგვლივ მყოფების ყველაზე ხშირი ფრაზა, ვიდრე არ დავუშვი, რომ შეიძლებოდა ეს ჰარმონია დაბერებამდე შემექმნა. შემექმნა საკუთარი ხელითა  და ძალისხმევით, შემდეგ კი ეს “ჩემი” სხვებისთვისაც გამეზიარებინა. ამ მოტივაციით, 4 წლის წინ, 26 წლის ასაკში სოფელში გადავცხოვრდი. მიწაზე, სადაც მხოლოდ მიტოვებული ხეები და ერთი ჭა იყო. არა ჭერი, არა სახლი, არა თბილი წყალი, არა შუქი და რაც მთავარია, არანაირი გამოცდილება; არც ადგილი, ამ გამოცდილების მისაღებად.ერთადერთი, რაც ნამდვილად ვიცოდი, იყო ის, რომ უნდა დავკვირვებოდი, მესწავლა და მემოქმედა ბუნებასთან თანამშრომლობით და არა მასთან ბრძოლით. სწორედ ამ დაკვირვებითა და თანაშრომლობით მოვიდა ჩემთან ეკომეგობრული ცხოვრების წესი. 

საიდან დავიწყოთ?  

არის თვითკმარობა შესაძლებელი? არის ცხოვრების ეკომეგობრული წესი მდგრადი და ფუნქციური? არსებობს თუ არა ბუნებასთან თანამშრომლობის და, შესაბამისად, ადამიანის შრომის და ჩარევის საჭიროების შემცირების გზები? შესაძლებელია, რომ თუნდაც ქალაქის პირობებში, ეკომეგობრულად ვიცხოვროთ? “არემარეს” შექმნა რომ დავიწყე, ამ კითხვებზე პასუხის მიღების ერთადერთი გზა პრაქტიკით, ამ ყველაფრის საკუთარი ხელითა და ძალისხმევით კეთება აღმოჩნდა. ახლა პასუხები, შედეგები და წარმატება უკვე სახეზეა. და ეს არა მხოლოდ ჩემთვის: საუკეთესო ამბავი ამაში არის ის, რომ ახლა შესაძლებელია, “არემარე” იყოს ამ ცოდნის და პრაქტიკის გამავრცელებელი, სადემონსტრაციო და გამოცდილების მიღების ადგილი, სოციალური ეკომეგობრული სივრცე სადაც განტვირთვა და სწავლა ერთდროულად იქნება შესაძლებელი.

სოციალური სივრცე - demo plot

“არემარეს”ლოკაცია, თბილისიდან 30 წუთში, მშვიდი ეზო და ჩემს მიერ მიღებული გამოცდილება, არის საუკეთესო ნაზავი საიმისოდ, რომ ეს იყოს მულტიფუნქციური სოციალური სივრცე და ეკომეგობრული ცხოვრების წესის სადემონსტრაციო ნაკვეთი. გასულ წლებში აქ ტარდებოდა ვორქშოფები, გასართობ-შემეცნებითი ივენთები და ეწყობოდა საბავშვო ბანაკები. გაზაფხულიდან ვგეგმავთ რეგულარულ შემეცნებით აქტივობებს, სოციალურ ივენთებს, მასტერკლასებს და ვორქშოფებს სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფებისთვის, ეკოთერაპიის დღეებს, საბავშვო საკვირაო სკოლასა და ეკო ბანაკებს.   ამ აქტივობებისთვის ფიზიკური სივრცე მზად არის, თუმცა, მეტი ეფექტიანობისა და შედეგიანობისთვის, საჭიროა მისი მცირე დანადგარებითა და ტექნიკით აღჭურვა - ხელსაწყოები ვორქშოფებისთვის, ბარისა და სამზარეულოს მცირე დანადგარები და საკემპინგე აღჭურვილობა ბანაკისთვის. ამ აქტივობების განხორციელების შედეგად, რეგენერაციული მიდგომების და გარემოსდაცვითი ცნობიერების პერსპექტივის ჩვენს ყოველდღიურობასთან ინკორპორირებით, მჯერა, რომ შევძლებთ ვიზრუნოთ როგორც ბუნებრივი გარემოს შენარჩუნებასა და გაუმჯობესებაზე, ასევე ადამიანების და, განსაკუთრებით, მომავალი თაობის ფიზიკურ და ემოციურ-მენტალურ სიჯანსაღეზე.    ჩემი უმთავრესი მამოძრავებელიც ეს არის: რომ ბალანსი,  რომელიც სიმშვიდის ძირითად ხაზად გასდევს ჩემს ცხოვრებას, როგორც ჰარმონიული ცხოვრების შესაძლებლობა გავუზიარო სხვებს და, განსაკუთრებით, ბავშვებს.