გაეცანი იდეებს მეტი ჩვენზე გამჭვირვალობა
GEO

მოსიარულე მუზეუმი

კამპანიის შინაარსი

გახდი მოსიარულე მუზეუმის მხარდამჭერი! საქართველოში ხშირად აღნიშნავენ, რომ ქვეყნის ღირსებას სწორედ მისი ეთნიკური და რელიგიური მრავალფეროვნება წარმოადგენს. ასევე სიამაყით აღნიშნავენ, რომ სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლები ყოველთვის მშვიდობიანად თანაცხოვრობდნენ საქართველოში. ჩვენ ღრმად გვჯერა, რომ საქართველოს ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების კულტურული მემკვიდრეობა, კერძოდ ის კულტურული მემკვიდრეობა, რომელიც საუკუნეების განმავლობაში საქართველოშია ჩამოყალიბებული და გაბრწყინებული, სწორედაც არის საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა. ჩვენ ვთვლით, რომ საქართველოს ქმნის მასში მცხოვრები ადამიანების ერთიანი სულისკვეთება, მათ კულტურაში და ყოფაში არსებული საერთო ღირებულებები. ჩვენი მშობლიური მარნეული მდიდარია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებით, რომელიც ტურიზმის განვითარებისა და მაერნეულის მთელ მსოფლიოში ცნობადობის გაზრდის დიდ პერსპექტივას აძლევს. მარნეულში ერთად მშვიდობიანად თანაცხოვრობენ სხვადასხვა ეთნიკური თემების წარმომადგენლები, თუმცა, სამწუხაროდ მუნიციპალიტეტში არ არის მუზეუმი, სადაც მუნიციპალიტეტის მოსახლეობას შესაძლებლობა ექნებოდათ ეჩვენებინათ მდიდარი კულტურული მემკვიდრეობა და ტრადიციები. სხვა მუნიციპალიტეტებშიც, სადაც აზერბაიჯანულენოვანი მოსახლეობა ცხოვრობს, მუზეუმებში მათი კულტურა სათანადოდ არ არის წარმოდგენილი. ქვემო ქართლში და კერძოდ, მარნეულში ჩამოსული ტურისტი, საწუხაროდ საქართველოს ეთნიკურ, რელიგიურ და კულტურულ მრავალფეროვნებას ვერ ნახულობს. ჩვენ ამ პრობლემიდან გამოსავალი მოვიფიქრეთ! ჩვენ ვაორგანიზებთ მოსიარულე მუზეუმს, რომელიც მოეწყობა ღია ცის ქვეშ და რომლის ექსპოზიციაც საქართველოს აზერბაიჯანულენოვანი მოსახლეობის კულტურულ მემკვიდრეობას, სამრეწველო ტრადიციებს, მუსიკას, საქართველოს ისტორიაში განსაკუთრებული ადგილის მქონე საზოგადო მოღვაწეებსა და სხვა უამრავ ეთნოგრაფიულ ექსპონატს გააერთიანებს. მუზეუმი პერიოდულად მარნეულის სხვადასხვა ლოკაციებზე მოეწყობა, რის შემდგომაც ქვემო ქართლისა და საქართველოს სხვა უმშვენიერეს მუნიციპალიტეტებში გაემგზავრება. გახდი მოსიარულე მუზეუმის ინვესტორი და მხარი დაგვიჭირე საქართველოს მულტიკულტურალიზმის პოპულარიზაციასა და ეთნიკური უმცირესობების უფლებების დაცვაში.