გაეცანი იდეებს მეტი ჩვენზე გამჭვირვალობა
ENG | ARM | GEO | AZ

გაზარდე ჩემპიონი/Grow the Champion

Matchfunded by USAID 10,000 GEL

1/1

კამპანიის შინაარსი

სოფელი წვირმი, ზემო სვანეთში, კავკასიონის თოვლიან მთებს შორის მდებარეობს. ამ პაწაწინა, ლამაზ სოფელში მოსახვედრად, დაბა მესტიიდან 18 კილომეტრი უნდა გაიაროთ. საქართველოს სხვა მშვენიერი სოფლების მსგავსად, სოფელი წვირმიც ნელ-ნელა იცლება ახალგაზრდებისგან. ჩვენი იდეის მიზანია, წვირმელ ბავშვებს შევუქმნათ განვითარების ის შესაძლებლობები, რომლებიც მათ აზრით, მხოლოდ დიდ ქალაქებშია. ამ კეთილ ამბავში, თქვენი დახმარება გვჭირდება!         სოფელი წვირმი, წელიწადში დაახლოებით ექვსი თვე, უხვი თოვლითაა დაფარული, ამ დროის განმავლობაში წვირმელი ახალგაზრდები აქტიურად ვეღარ მისდევენ ჯანსაღი ცხოვრების წესს. ერთადერთი სტადიონი დათოვლილია, სოფელში არ არსებობს სკვერი ან ინფრასტრუქტურა, სადაც გოგნები და ბიჭები ზამთარში, ან თუნდაც ზაფხულში ივარჯიშებენ. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ წვირმის საჯარო სკოლა სპორტული ინვენტარით აღვჭურვოთ. გვინდა სპორტი წვირმელი გოგონებისა და ბიჭებისთვის ერთ-ერთ საყვარელ გაკვეთილად ვაქციოთ, რომელზეც მათ ვარჯიშის, გართობისა და დასვენების შესაძლებლობა ექნებათ.მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ აქტიური ცხოვრების წესი ადამიანებში ბედნიერების შეგრძნებას აჩენს. ამასთანავე, მათ ვინც აქტიურად ვარჯიშობს, ნაკლებად აწუხებთ გულის პრობლემები, დიაბეტი და სხვა საშიში დაავადებები. ჯანსაღი ცხოვრების წესს სიკეთე ქალებისა და მამაკაცებისთვის თანაბრად მოაქვს. სწორედ ამიტომ შევარჩიეთ წვირმის საჯარო სკოლა, რომ სპორტის გაკვეთილებზე ინვენტარით ერთნაირად ისარგებლონ გოგონებმა და ბიჭებმა, ხოლო გაკვეთილების შემდეგ, მასწავლებლებმაც შეძლონ ვარჯიში. იდეის განსახორციელებლად უნდა შევაგროვოთ დაახლოებით 10 000 ლარი, რათა შევიძინოთ: ძალოსნური ტრენაჟორი, პრესის ტრენაჟორი, ველო ტრენაჟორი, სარბენი ბილიკი, კომპლექსური ტრენაჟორი, ე.წ „ჰანტელები“, ოლიმპიური შტანგის ბლინები, მაგიდის ჩოგბურთი, ფეხბურთის და კალათბურთის ბურთები და სხვა დამხმარე სპორტული ინვენტარი. სკოლის დირექციამ გამოგვიყო სპეციალური ოთახი, სადაც მოეწყობა სავარჯიშო დარბაზი სკოლის მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის.იდეის განხორციელების შემთხვევაში, ვარჯიში და ჯანსაღი ცხოვრების წესი 44 წვირმელისთვის გახდება ყოველდღიურობა, აქედან 26 სკოლის მოსწავლე (15 გოგო, 11 ბიჭი), ხოლო 18 სკოლის პერსონალია (12 ქალი, 6 მამაკაცი). ვინ იცის, რამდენ მომავალ ოლიმპიურ ჩემპიონს მალავს წვირმი! დაგვეხმარე მათ აღმოჩენაში! ერთად გავხადოთ საქართველოს ლამაზ სოფლებში ცხოვრება უფრო მრავალფეროვანი და ცოცხალი!