გაეცანი იდეებს მეტი ჩვენზე გამჭვირვალობა
GEO

იცოდე რას ჭამ! სურსათის შემოწმება მავნე საღებავის შემცველობაზე

1/1

კამპანიის შინაარსი

მოკლედ პროექტის შესახებ სიცოცხლისთვის საშიში საღებავის, „სუდანის“ სურსათში გამოყენება აკრძალულია. მისი სისტემატური მოხმარება ხელს უწყობს სიმსივნის წარმოქმნასა და გენების გადაგვარებას. მიუხედავად ამისა, ჩვენმა გუნდმა ლაბორატორიული კვლევების მეშვეობით ეს საღებავი საკვებში იპოვა როგორც 2019, ისე 2020 წლებში. იმისათვის, რომ გავაგრძელოთ სურსათის უვნებლობის შემოწმება და საზოგადოების ინფორმირება ჯანმრთელობისთვის საზიანო პროდუქციის შესახებ, თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება.  ვინ ვართ ჩვენ? საზოგადოებრივი ორგანიზაცია მომხმარებლის უფლებებზე მუშაობის 12-წლიანი გამოცდილებით, რომელმაც საქართველოს სავაჭრო ქსელში არსებული ასეულობით სასურსათო და არასასურსათო პროდუქტის უვნებლობა შეამოწმა. მავნე ნივთიერებები - ტყვია, კადმიუმი, საღებავი და სხვა უკვე 100-ზე მეტ პროდუქტში აღმოვაჩინეთ და ეს ინფორმაცია საზოგადოებას მივაწოდეთ.  ჩვენი ორგანიზაცია საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG) 1995 წელს შეიქმნა. სხვადასხვა პროგრამის მეშვეობით ჩვენ ხელს ვუწყობთ ქვეყნის დემოკრატიულ, სოციალურ და ეკონომიკურ განვითარებას. მეტი ინფორმაციისათვის იხილეთ csrdg.ge. მოცემულ ინიციატივას ახორციელებს ცენტრის მომხმარებლის უფლებების დაცვის პროგრამა. გაიგეთ მეტი ჩვენს შესახებ საიტზე momxmarebeli.ge. რაში მდგომარეობს პრობლემა? 2019-2020 წლებში ჩვენ, მოგვიანებით კი სურსათის ეროვნულმა სააგენტომ (სეს) საქართველოს სავაჭრო ქსელში 30+ საკვებ პროდუქტში (დაფქული წითელი წიწაკა, წითელი ტყემალი, აჯიკა, პომიდვრის საწებელი და სხვა) აღმოაჩინა „სუდანი“ - აკრძალული ინდუსტრიული საღებავი, რომელსაც საკვებისთვის წითელი შეფერილობის მისაცემად იყენებენ. თავდაპირველად სეს-მა დაბინძურების სავარაუდო წყაროდ იმპორტირებული წითელი წიწაკა მიიჩნია და მისი კონტროლი საბაჟოზევე დაიწყო. ასევე, გაასამმაგა ქვეყნის შიგნით ნიმუშების შემოწმება. მიუხედავად ამისა, ყოველი შემოწმებისას ეს აკრძალული საღებავი სურსათში მაინც აღმოჩნდა. წელს სეს „სუდანის“ შემცველობაზე მხოლოდ ოცდაათიოდე ნიმუშს იკვლევს, რაც საკმაოდ ცოტაა.  CSRDG აქამდე ლაბორატორიულ კვლევებს უცხოურ დონორ ორგანიზაციათა დაფინანსებით ახორციელებდა. ბოლო ერთი წელია ლაბორატორიული კვლევებისათვის საჭირო დაფინანსება არ გვაქვს. არადა მნიშვნელოვანია მეტი პროდუქტი შემოწმდეს, რათა გაირკვეს, ისევ იყიდება, თუ არა საქართველოში „სუდანით“ დაბინძურებული სურსათი. რის გაკეთებას ვგეგმავთ? თბილისის მაღაზიებში შევიძენთ „სუდანით“ დაბინძურების რისკის ქვეშ მყოფ სხვადასხვა სურსათს (დაფქული წითელი წიწაკა, წითელი ტყემალი, აჯიკა, პომიდვრის საწებელი, ტომატპასტა, კეტჩუპი, სვანური მარილი) და ჩავაბარებთ ლაბორატორიას. ერთადერთი ლაბორატორია საქართველოში, რომელსაც „სუდანის“ შემცველობაზე სურსათის გამოკვლევა შეუძლია არის სამხარაულის ექსპერტიზის ბიურო. შესაბამისად, ამ ლაბორატორიის მომსახურებით ვისარგებლებთ. თითო ნიმუშის კვლევა 400 ლარი ღირს. სასურველია, სულ მცირე, 10 ნიმუშის შემოწმება. შემოწმებული პროდუქტების ჩამონათვალი, თითოეული ნიმუშის ფოტოსთან და ლაბორატორიის კვლევის ოქმთან ერთად, გამოქვეყნდება საიტზე momxmarebeli.ge. „სუდანით“ დაბინძურებული პროდუქტების აღმოჩენის შემთხვევაში, შეტყობინებები გაეგზავნება შესაბამის მეწარმეებსა და სახელმწიფო სტრუქტურებს, რომლებსაც, ჩვენი და კამპანიის მონაწილე ყველა მოქალაქის სახელით, მოვთხოვთ სათანადო ზომების მიღებას, რათა პრობლემა სიღრმისეულად აღმოიფხვრას. რა შედეგებს ველით?
  • მოქალაქეები მიიღებენ ინფორმაციას შემოწმებული სურსათის უვნებლობის შესახებ, რაც მათ დაეხმარება, საკვების შეძენისას ინფორმირებული არჩევანი გააკეთონ.
  • მავნე პროდუქციის აღმოჩენის შემთხვევაში, მეწარმეებისა და სახელმწიფო სტრუქტურებისადმი მიმართვის შედეგად:
    • სავაჭრო ქსელიდან ამოიღებენ ჯანმრთელობისათვის მავნე სურსათის პარტიებს.
    • დამატებითი ზომები იქნება მიღებული „სუდანით“ სურსათის დაბინძურების აღსაკვეთად. ჩვენი ორგანიზაცია გააგრძელებს მეწარმეებისა და სახელმწიფოს მიერ გატარებული ზომების მონიტორინგს.
  • მიღებული გამოცდილება დაგვეხმარება ჩვენს მომავალ ინიციატივებში, სურსათისა თუ სხვა პროდუქციის უვნებლობის შესამოწმებლად.
სად მივიღო დამატებითი ინფორმაცია? ინიციატივის შესახებ მეტი ინფორმაციისთვის გაეცანით სტატიას. მოგვმართეთ საიტზე და ფეისბუქის გვერდზე momxmarebeli.ge.

0 მხარდამჭერი

სიახლეები არ მოიძებნა

კამპანიის ლოკაცია