დათას ეზო
კამპანიის შინაარსი
ეზოს შესახებ
#GROWYOUROWNFOREST
ჩემს მეხსიერებაში ერთერთი ყველაზე ძველი ფრაგმენტია, როცა ეზოში ვთამაშობდი და შემთხვევით დავაკვირდი როგორ ამოდიოდა ბალახი მიწიდან, ერთი შეხედვით არაფრით გამორჩეული სურათია, მაგრამ დღესაც მჯერა რომ რაღაც ძალიან მნიშვნელოვანს შევესწარი.
2020 წლის 15 თებერვალს წამოვედი სამსახურიდან და მაგ დღის შემდეგ დაიწყო ჩემი ეზოს ურბანულ ბაღად გარდაქმნის პროცესი.
პირველად მაშინ მოვაგროვეთ მე და ჩემმა მეგობარმა რუსთავის ერთერთ სკვერში ჰიმალაის კედარის 70 მდე ნერგი და ჩავრგეთ სპეციალურად შემოღობილ სივრცეში.
შემდეგ უკვე ისე განვითარდა მოვლენები თავადაც, რომ არ ველოდი. დღეს უკვე მშობლებს, მასწავლებლებსა და ახალგაზრდულ ორგანიზაციებს ეზოში მოჰყავთ ბავშვები. ვატარებთ სხვადასხვა აქტივობებს, პრეზენტაციებს, პრაქტიკულ სამუშაოებს, ვლაპარაკობთ ურბანულ მებაღეობაზე, ეკოლოგიაზე, ნარჩენების რეციკლირებაზე და რაც მთავარია, ამ დროის განმავლობაში დაგროვილ ცოდნას სიამოვნებით ვუზიარებ მათ.
ჩემი მთავარი მამოძრავებელი იდეაც ეს არის, რომ დავეხმარო ადამიანებს და განსაკუთრებით ბავშვებს გაიხსენონ და გაიაზრონ თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეკოლოგიის და გარემოს მიმართულებით რეგენერაციული მიდგომები, რამდენად აუცილებელი და საჩქაროა იმის გააზრება რომ ის გარემო რაშიც ვცხოვრობთ მხოლოდ ზრუნვის, ყურადღების და მოქმედების შემთხვევაში გაუმჯობესდება.
ჰიმალაის კედარი/Cedrus Deodara
რუსთავის მწვანე საფარი ასაკით ზუსტად იმხელაა რამხელაც თვითონ ქალაქი.
ჰიმალაის კედარიც მაშინ ჩამოიტანეს როცა მშენებლობა დაიწყო. ქალაქის მასშტაბით ამ სახეობის საკმაოდ კარგი პოპულაცია გვაქვს და ყოველ გაზაფხულზე ბუნება გვაძლევს ათასობით ახალ ნერგს. წელს 250 ზე მეტი კედარის გადარჩენა შევძელი და აქედან უკვე ყველა გაჩუქდა. სამწუხაროდ დანარჩენ ნერგებს ვკარგავთ. მათი 95% ივნისის თვემდეც ვერ აღწევს.
ამ ამბის კარგი ნაწილი ის არის, რომ ეზო მზად არის ბევრად მეტი ნერგი შეიფაროს და გადაარჩინოს. უბრალოდ ამისთვის საჭიროა სანერგე/თავშესაფარის მოწყობა.
SANCTUARY
პროექტის წარმატების შემთხვევაში, ეზოში უკვე არსებული კონსტრუქცია (რომელსაც ვიყენებ საწყობად) გადიდდება და გადაკეთდება სანერგე/სათბურად. ეს მოგვცემს შესაძლებლობას გადავარჩინოთ და შემდეგ ისევ ქალაქის სივრცეებს დავუბრუნოთ 1200 – 1500 მდე ნერგი(წლიურად). გარდა ამისა სხვა აქტივობებთან ერთად ამ სივრცეში ბავშვები შეძლებენ მიკროსკოპით დააკვირდნენ სხვადასხვა პროცესებს, რაც უფრო აღქმადს გახდის მათთვის სიცოცხლეს და მის მრავალფეროვნებას.
დღესაც, როცა ვხედავ როგორ სკდება გირჩიდან გადმოვარდნილი თესლი, შემდეგ როგორ ყალიბდება პირველი წიწვები და როგორ ვითარდება ფესვთა სისტემა – იგივე განცდა მაქვს, როგორც მაშინ, როცა მიწიდან ამოსულ ბალახს ვუყურებდი, რაღაც ძალიან მნიშვნელოვანის შემსწრე ვარ.
მჯერა მხოლოდ ამ გზით, მხოლოდ ბუნებაზე დაკვირვების და გააზრების გზით მხოლოდ აქ და ახლა ეყრება საფუძველი – ჯანსაღ, მომავლის საზოგადოებას. საზოადოებას, რომელიც იქნება ჰარმონიული, მშვიდი და ბუნებასთან ბალანსში მყოფი.
სიახლეები
მხარდამჭერები




















































დატოვე კომენტარი