ბარბალე- დაგვემგზავრე
კამპანიის შინაარსი
რა არის ბარბალე?
“ბარბალე” არის/იქნება უფასო მობილური აპლიკაცია, რომელიც ხელს შეუწყობს მანქანიანი და/ან უმანქანო ქალების დამგზავრებას, ერთმანეთის გამოცდილების გაზიარებასა და დამეგობრებას.
როგორ დავიწყეთ?
2 თვის წინ Facebook-ზე შევქმენით ჯგუფი Let’s Go Womxn, რომელიც არის უკვე არსებული ჯგუფების მსგავსი, ოღონდ კონკრეტული აუდიტორიით. მოკლე დროში ჯგუფში გაწევრიანდა რამდენიმე ასეული ქალი და საყოველთაო კარანტინის სიტუაციის მიუხედავად მათი მხრიდან დაინტერესება მაღალია. სამწუხაროდ, ჯგუფში გვიწევს სასურველი მარშრუტების ხანგრძლივი ძიება, რაც დროში ძალიან იწელება და მალევე მივხვდით, რომ Facebook ამისთვის კომფორტული სივრცე არ არის. ამიტომ გადავწყვიტეთ, შეგვექმნა პლატფორმა, რომელიც გაგვიმარტივებდა ერთმანეთთან კომუნიკაციას.
რა არის მიზანი?
ჩვენი მიზანია, შეიქმნას სტერეოტიპებისგან დაცლილი სანდო სივრცე ქალებისთვის, სადაც გადაადგილების გამარტივებასთან ერთად წავახალისებთ ერთმანეთს და სასიამოვნო ემოციებს გავაზიარებთ. გვჯერა, რომ ქალების გაძლიერების მხრივ ამას ძალიან კარგი შედეგი მოჰყვება.
თანაც, რატომ უნდა წახვიდეთ მარტო, თუკი შეგიძლიათ იმგზავროთ საინტერესო ადამიანებთან ერთად, გაუზიაროთ ერთმანეთს გამოცდილება და იქნებ დამეგობრდეთ კიდეც?
ხომ არსებობს მსგავსი აპლიკაციები ისედაც და ეს რაღა საჭიროა?
კი, არსებობს carpooling-ის ბევრნაირი სერვისი, თუმცა ჩვენ ვფიქრობთ, რომ გვაქვს განსხვავებული სეგმენტი, სადაც პრიორიტეტია დაცულობა, სიმარტივე და მგზავრობის სერვისის გარდა ქალი მძღოლების წახალისებასა და საინტერესო საზოგადოების შექმნას გულისხმობს.
როგორ იმუშავებს?
მძღოლი აქვეყნებს განცხადებას, რომ მიემგზავრება A-დან B პუნქტში და უფასოდ (ან, სურვილისამებრ, თანხის სანაცვლოდ) გაიყოლებს რამდენიმე ადამიანს. ამასობაში მგზავრი ეძებს სასურველ მარშრუტს, აპლიკაციაში ხედავს მისთვის შესაფერის ვარიანტებს და მძღოლის თანხმობის შემდეგ შეუძლია ისარგებლოს მგზავრობის სერვისით. მგზავრობის დასრულების შემდეგ მძღოლსაც და მგზავრსაც ექნებათ შესაძლებლობა, შეაფასონ ერთმანეთი, რეკომენდაციები დაწერონ ან უბრალოდ მადლობა გადაუხადონ ერთმანეთს კომპანიონობის გაწევისთვის.
იმისთვის, რომ კლიენტი დარწმუნდეს კონკრეტული პიროვნების სინამდვილეში, მას შეუძლია შეამოწმოს მომხმარებლის ვერიფიცირების დონე (მობილურის ნომრით, Facebook-ით ან პირადობის ნომრით ვერიფიცირებული), სადაც ყველა თვითონ ირჩევს, რა ინფორმაციის ატვირთვა სურს.
ვინ არის ჩვენი აუდიტორია?
ქალები და გენდერულად არაკონფორმული ადამიანები.
რატომ დავარქვით “ბარბალე”?
გვინდოდა შეგვერჩია სახელი, რომელიც ასოცირებული იქნებოდა ქალებთან და მგზავრობასთან. ჰოდა, ასე, შემთხვევით, მეგრული ბორბლის და მზის ქალღმერთის (ქართული მითოლოგია) შერწყმა გამოგვივიდა.
ვინ ვართ?
ანანო ბოდოკია – პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერი – Microsoft
ანნა გოროზია – პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერი – Microsoft
ანა გურგენიძე – პროგრამული უზრუნვეყლოფის ინჟინერი – Microsoft
რისთვის გვჭირდება დაფინანსება?
იმის გარდა, რომ ჩვენ მოხალისეობრივად ვდებთ დროსა და ენერგიას, დამატებით გვჭირდება მატერიალური რესურსი, რომელსაც გამოვიყენებთ დიზაინერისთვის და ტექნიკური თუ სხვა სერვისებისთვის, როგორებიცაა, მაგალითად, დომეინი, Android/iOS აპლიკაციების გამოქვეყნებისთვის საჭირო პლატფორმები, ქლაუდ პლატფორმა, სადაც სერვისს გავმართავთ და ა.შ.
თანხa:10000
სიახლეები
მხარდამჭერები


































დატოვე კომენტარი